ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსს ახლავს პასუხისმგებლობა და სტატუსის შემდგომი პროცესის გასაგრძელებლად ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ეს სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ, ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე, გვინდა, თითოეულ მოქალაქეს მივულოცოთ, სტატუსს არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება. ეს არის ქვეყნის მომავლისთვის მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავამართლოთ ჩვენი მოქალაქეების იმედი, რომ შევძლებთ, მიუხედავად დაპირისპირებისა და სიძულვილისა, ვითანამშრომლოთ ერთად. დროა ევროპული პოლიტიკის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამნიძემ.
თეონა აქუბარდიამ აღნიშნა თქმით, ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა ევროპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
„ეს არის ის სანუკვარი ოცნება, ნატვრა, რომელიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. ეს არის ყველას დამსახურება. თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, მინდა, მადლობა გადავუხადო. დღევანდელი დღე არის ზეიმის დღე, თუმცა ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება უკვე შემდგომი პროცესის გასაგრძელებლად, რაც არის მოლაპარაკებების დაწყება, ისე როგორც ამას მიაღწია უკრაინამ და მოლდოვამ და რაც საბოლოოდ არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ მზად ვართ როგორც მუშაობისთვის, ასევე ერთიანობისთვის. მზად ვართ, რათა თითოეული მოქალაქის ცხოვრება იყოს ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თამარ კორძაიას განცხადებით, წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ შრომა, ეს არის პროცესი და ამ პროცესით ქართველი ხალხი მიაღწევს შედეგებს სამომავლოდ.
„ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვისაც გაუხარდა, რადგან ეს არის ჩვენი პერსპექტიული მომავლისთვის. კანდიდატის სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის უფრო მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, უფრო მეტ ეკონომიკურ წინსვლას. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი იქნება განათლების სფეროში, გარემოს დაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. ეს არის ჩვენი შანსი, წინ წავიდეთ. ამიტომ, ყველას გილოცავთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა. ყველას, ვისაც სურს, ეს ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ შრომა, ეს არის პროცესი და ამ პროცესით ჩვენ მივაღწევთ შედეგებს სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.