მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილს რაც შეეხება, გულწრფელად გპასუხობთ აქაც. არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, ან არ მქონია და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია წინა წლებშიც. უბრალოდ მორალურად კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, როდესაც ოთხ კედელშია ადამიანი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს, ათასობით ადამიანს დაუსვამს ეს კითხვები სხვადასხვა სივრცეში, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო მის გარეშე? ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მასზე არ მესაუბრა და ამ სურვილის თანმიმდევრული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, რომ ის არის ოთხ კედელში. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათ, ჩვენ მხარდამჭერს ან პოტენციურ ამომრჩეველს, აქვთ ეს კითხვა და თვეებია ამას სვამენ: შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ორი პასუხია ამ ეტაპზე ჩემთვის მისაღები, მაგრამ ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება ჩემი პასუხები თქვენს კითხვებზე. და მორალურად გამიადვილდება. ჩემთვის მორალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია, ჩემთვის ზნეობრივი პოლიტიკა მნიშვნელოვანია.
[...] არ ნიშნავს, რომ მასთან [მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით კითხვები არ მაქვს - მაქვს, ბუნებრივია და პირველ რიგში, ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი - ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად”, - თქვა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს იმ პარტიით, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს.
"ბევრს მიაჩნია, რომ თუ ორნი ერთად ვიქნებით, მეტი ხმა გვექნება - ასე არ არის. დრომ დაადასტურა, რომ ორი, სამი სუბიექტი გაერთიანებულა და პირიქით, ხმები დააკლდა, კი არ გაეზარდა. ამომრჩეველი არის სპეციფიური, განსწავლული უკვე და სიყალბესაც ამჩნევს. რამდენიმე სუბიექტს პოლიტიკაც არასწორი აქვთ არჩეული, როდესაც 24 საათი საუბრობენ გაერთიანებაზე - ჩემზეც კი ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ამ გაერთიანებაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ და უბრალოდ ეშინიათ, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.