სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას აქვს ამნეზია, არ ანაღვლებს, საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ზურაბიშვილი ქართველი ამომრჩევლების მიმართ ასეთ დამოკიდებულებებს ავლენს.
„არ ვიცი გათვლა რაზე ჰქონდა გაკეთებული, როდესაც მისივე სიტყვებია „არა და არასდროს“ დასმულ კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. „არა და არასდროს“ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ აპირებდა ამ პოზიციისთვის გადაეხედა. როდესაც ის ახალ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს, თავად აქვს ამნეზია ან იმედი აქვს, რომ მთელ საქართველოს მოსახლეობას ამნეზია აქვს. მესამე ვარიანტია, მას არ ანაღვლებს საქართველოში მის შესახებ რას იფიქრებენ და მთავარია, მისთვის რას იფიქრებენ უცხოეთში, სადაც შეიძლება, მისი მანამდე გაკეთებული გამონათქვამი ვინმეს ნაკლებ ყურადღების ღირსად ჩაეთვალა და ახალა შეიძლება დროა მისთვის, რომ ასეთი განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.