სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს - გაათავისულოს პრეზიდენტ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ადეკვატური და სწორია.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს ბერკეტი პოლიტიკური პატიმარი, „ეფესბეს“ აგენტი ფარცხალაძის მიერ დაწერილი ბრალით და სანქცირებული მოსამართლეების მიერ გასამართლებული მესამე პრეზიდენტი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა და გზა, მთავარი ადამიანი, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიუძღოდა იყო პრეზიდენტ სააკაშვილი.
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება, მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.