პოლიტიკოსი რომ გქვია და დარბიხარ ბრიუსელში, ყველაფერს აკეთებ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, პირდაპირ ამბობ, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს, პირველ რიგში, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
კალაძეს შეკითხვა დაუსვეს აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილს საქართველოში რეიტინგი.
„გახსოვთ არჩევნები, როგორი ნეგატიური განწყობა იყო მის მიმართ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც, საარჩევნო ბანერებში ჩვენი ფოტოსურათების განთავსება მოგვიწია. ცხადია, გარკვეული დისკომფორტი იყო. დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც ქვეყნის მტერია და ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას. ეს გამოიხატება მათი ქმედებებით. საგარეო კურსზე ხომ ყველა ვთანხმდებით და ყველასთვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი. შენ რომ პოლიტიკოსი გქვია და დარბიხარ ბრიუსელში, ყველაფერს აკეთებ, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, პირდაპირ ამბობ, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს, პირველ რიგში, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი იქნება იქ, სადაც ეს რადიკალური ოპოზიცია იმყოფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.