სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისასალმებელია, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, პოლიტიკოსის მიერ შეხედულების გადახედვა მის პროგრესულობას ნიშნავს.
„არასერიოზულია, სალომე ზურაბიშვილს იმის გამო უკიჟინო, რატომ შეცვალე პოზიციაო. პოლიტიკა არის ცვალებადი, დინამიკური. მით უმეტეს, ცვლილება კარგისკენ თუ ხდება, შესაქებია. შეცდომა თუ დაუშვი და ამას აიკვიატებ, რომ პრინციპულობის მოტივიდან გამომდინარე უნდა დაიცვა, ეს არასერიოზულია. მოუვიდა შეცდომა და გადახედა. ამბობდა, არ შეიწყალებდა, მაგრამ შეიწყალა უგულავაც, რურუაც, ოქრუაშვილიც და გვარამიაც. არასოდეს უთქვამს, რომ მათ შეიწყალებდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.