დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის მხრიდან არის შეთავაზებული, არამარტო იმის ანალოგია, რაც პარლამენტში იყო ჩვენთან დაინიცირებული, არამედ შეიცვას ბევრად უფრო მკაცრ რეგულაციებს და შეზღუდვებს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო ის კამპანია, რომელიც წარიმართებოდა ჩვენს ქვეყანაში. თავის დროზე ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ენჯეოების დაფინანსება არ გამხდარიყო გამჭვირვალე, რადგან ამ დაფინანსების დიდი ნაწილი მიმართული იყო რევოლუციური პროცესებისა და ექსტრემიზმისკენ. ამ ენჯეობსა და მათ დონორებს არ სურდათ ამ ფინანსების გასაჯაროება. საბოლოო ჯამში მათ მაინც მიიღეს პასუხი. რეალურად საზოგადოებამ გაიგო ყველაფერი იმაზე, თუ ვინ იღებს ფინანსებს ექსტრემიზმისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის, აქედან გამომდინარე დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მეტად არის შეიარაღებული ინფორმაციით ამ პროცესებთან დაკავშირებით, ვიდრე იყო იქამდე, ვიდრე მოხდებოდა კანონის ინიცირება“, - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებას დღესაც არ აქვს ინფორმაცია უცხოური დაფინანსების 95 პროცენტის შესახებ და მხოლოდ 5 პროცენტია გამჭვირვალე.
„ენჯეოების დაფინანსება გაუმჭვირვალედ რომ რჩება, არის სერიოზული პრობლემა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ საზოგადოებისთვის მეტნაკლებად სრული ინფორმაციის გაზიარება იმაზე, თუ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში. დღეს საზოგადოება კანონის გარეშეც არის საკმარისად ინფორმირებული ამ პროცესების შესახებ. აქედან გამომდინარე ,ჩვენ ვერ ვხედავთ აუცილებლობას იმისა, რომ საქართველოში ასეთ კანონი იყოს დაინიცირებული და მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს.