საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.
პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიდგომას, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს გამოყენებული მოლაპარაკებებში.
„რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას, რამდენად შეიძლება, გავლენა იქონიოს საქართველოზე, არ მგონია, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს. არ მგონია, საერთოდ რაიმე კავშირი არსებობდეს უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციასა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას შორის. მცდელობა, რომ ეს დააკავშირონ, არის სწორეს საქართველოს საკითხით ინსტრუმენტალიზირება. ეს არ არის ევროპული მიდგომა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს მიდგომას, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს გამოყენებული მოლაპარაკებებში და შემდეგ გადაწყვეტილებები ერთმანეთის ჯინაზე იქნას მიღებული. უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს, მით უმეტეს, იცით, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვს უნგრეთის ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად სწორად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ვამბობდით, რომ ევროკავშირში თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. ყველა ხედავს, როფორი მნიშვნელობა აქვს ერთ ხმასაც კი ევროკავშირში. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ამ მხრივ არსებობს ერთსულოვნება ევროკავშირში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.