ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას შესაძლოა, ხვალ, 13 დეკემბერს მხარი დაუჭიროს. ინფორმაციას“უკრაინსკა პრავდა“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამისთვის სამშაბათს უნგრეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს სასამართლო რეფორმის ბოლო ელემენტი, რომელსაც ბრიუსელი ითხოვს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული კორუფციასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მანამდე გამოცემა Politico იუწყებოდა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიას დღეს, 12 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა უნგრულ მედიას აღნიშნული ინფორმაცია ევოკომისიაში არ დაუდასტურეს.
გასული წლის განმავლობაში უნგრეთის მთავრობამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება სასამართლო რეფორმის გამო ბრიუსელის უკმაყოფილების განსამუხტად და ახლა მას მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანა სჭირდება ამ ამოცანის მისაღწევად. ბუდაპეშტმა უნდა უზრუნველყოს უნგრელი მოსამართლეების შეუფერხებელი წვდომა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცემას ევროკავშირის რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ კომისიის ექსპერტებს აქვთ შენიშვნები სასამართლო რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის წევრები არ იზიარებენ ტექნიკურ დონეზე გამოთქმულ შეშფოთებას და, სავარაუდოდ, ოთხშაბათსდადებითად შეაფასებენ უნგრეთის მთავრობისა და პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.