ეს არის სპექტაკლი სახელად – მინდა, მივიწერო ეს კარგი საქმე. მთავარი როლის შემსრულებელია სალომე ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი. რეჟისორები შეიძლება, ქვეყნის შიგნითაც არ არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები.
„ხშირად სალომე ზურაბიშვილმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს იციან ტელევიზიის პროდიუსერებმა. ე.ი. რეჟისორებთან ზოგიერთი ტელევიზიის პროდიუსერს უფრო მეტი კონტაქტი აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, რაც საოცარი ამბავია. რეჟისორიც და შემსრულებელიც ერთი სცენარით მოქმედებენ. ბუნებრივია, ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებთ. როცა გვჭირდებოდა ობიექტური შეფასება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამ დროს ამბობ, არ იმსახურებსო, პრეზიდენტად წოდებულს საქართველოსთვის მეტი რა უნდა დაეზიანებინა, საკუთარი ქვეყნის მეტი მტრობა შეიძლება? პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. უარესს ვერ იტყვი საკუთარ ქვეყანაზე და უფრო მეტად ვერ უმტრობ, ზიანს ვერ მიაყენებ. ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება. პრეზიდენტი და მთლიანი ოპოზიცია ევროპის შეკრებაზე ხუთას კაცზე მეტს რომ ვერ მიიყვანენ, როგორც პოლიტიკოსები როგორ აღარ არსებობენ, ეს დაემართათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.