ამ დღეების განმავლობაში იმასაც კი ვისმენთ, ორბანთან ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთო, ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, დალაგებულია აქ ყველაფერი და ორბანთან მხარდაჭერისთვის დავდივართ უნგრეთში, არათუ ჩვენი მიმართულებით შეფერხება, არამედ განსაკუთრებული ლობიზმის დონემდეც კი არის აყვანილი ორბანის და ამ სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენდამი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება ობიექტურად არ ჩანს. უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, ამიტომ მათ რაიმე საკითხი საქართველოსთან დააკავშირონ იმ თემებზე, რაც მათი შიდა საქმეა, ეს არის გამორიცხული. ისინი განსაკუთრებულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. მათი მხრიდან რისკები არის ნულის შანსი. თეორიაში, დავუშვათ, იმიტომ, რომ ორბანთან შეიძლება, ვერ შეთანხმდნენ, საქართველოზე იძიონ შური და გადაგვივადონ, ასეთი თეორიული ლოგიკაც კი ხმოვანდება ხოლმე, ჩვენ ამის მოლოდინი არ გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ის უსამართლობა, რომელიც ერთი წლის წინ განხორციელდა საქართველოს მიმართ, ახლა აღმოიფხვრება“, – განაცხადა მდინარაძემ.