აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში რობერტ ვუდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს შეთავაზებულ რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
„აშშ მხარს უჭერს გრძელვადიანი მშვიდობას, რომლის დროსაც ისრაელელები და პალესტინელები იცხოვრებენ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, მაგრამ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. ეს მხოლოდ დათესავს კიდევ ერთ ომს, რადგან „ჰამასს“ არ სურს ხანგრძლივი მშვიდობა," - თქვა რობერტ ვუდმა.
როგორც მედია წერს, შეერთებულ შტატებს, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს ვეტოს უფლება და შესაბამისად რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვერ დამტკიცდება.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის პროექტს უნდა უყაროს კენჭი.
უშიშროების საბჭოს სხდომა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოიწვია.
გუტერეშმა სხდომაზე შეკრებილებს განუცხადა, რომ მოუწოდონ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული შეწყვეტისკენ, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და მიაწოდონ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება.
„ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი უფსკრულს უახლოვდება და საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის შესამსუბუქებლად... მსოფლიო და ისტორია გვიყურებს. მოქმედების დროა“, – თქვა გუტერეშმა.
გაერო-ს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა მშვიდობიანი მომავლისთვის.