ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში ერევა მხოლოდ მოწოდებით, ხოლო რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით, ის ლობირებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
„ქვეყანა რომ დაინგრეს, ქვეყანა რომ დაიქცეს, რაღაცები რომ მოხდეს, ცუდი რომ მოხდეს, ატომური ბომბი რომ აფეთქდეს – ეს არ არის რეალისტური ვარაუდები და რომ არ არის, დამტკიცდება მომდევნო პერიოდში, ძალიან მალე, მერე მაინც დამშვიდდებით, ამიტომ ნუ ლაპარაკობთ. უნგრეთისა და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთი რაღაცით, მხოლოდ მოწოდებით. ეს არის მათი ურთიერთობა და ჩვენ სხვა ბერკეტები არ გაგვაჩნია. თუ გინდათ, რომ საქართველომ თავი იმართლოს უნგრეთის პოზიციის გამო, არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. თქვენ გინდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში ჩავდგეთ უნგრეთის პოზიციის გამო, და უნგრეთს საქართველოსთან მიმართებით, რაც ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს, აქვს უდიდესი პოზიტივი და ასეთივე პოზიცია, გვლობირებს ევროინტეგრაციის გზაზე ეს ქვეყანა და მისი ლიდერი. მადლობის გარდა, არაფერი გვეთქმის. მაგრამ მოწოდებითაც მოვუწოდებთ, რომ არ შეაფრეხოს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი, რაც არ უნდა არგუმენტები ჰქონდეთ, რადგან ის ქვეყანა ომშია. დანარჩენი როგორ ხდება, რა ხდება, არ არის საინტერესო. ჩვენ მოვუწოდებთ და ცალმხრივი მეგობრობის ფარგლებშიც კი, მოწოდების რეჟიმში ვართ, რომ არ დაიბლოკოს უკრაინის სიტუაცია. ახლა – საქართველოც თუ მოჰყვა, მერე ისე თუ მოხდა, თუ ჩამოიქცა, თუ დავინგრიეთ, თუ ავფეთქდით და უბედურება თუ მოხდა, ახლა ეს ვისი ბრალიაო – ეს არის „ნაცური“ ნარატივი. ძალიან გთხოვთ, ყოველ წუთში ამ „ნაცურ“ ნარატივს ნუ გაახმოვანებთ ხოლმე, რადგან აბსოლუტურად სპეკულაციურია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.