როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნის და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, იქონიოს ნეგატიური გავლენა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
შეკითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნგრეთის პოზიცია, რომელიც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკეკების დაწყების წინააღმდეგ გამოდის, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და ოპოზიციის ნარატივია.
„ნახეთ, რამდენად სულელეური არგუმენტი მოიგონეს. როდესაც უნდათ – ტრიოა, როდესაც უნდათ – განცალკევებულია და ასე შემდეგ. ამას დავანებოთ თავი, რადგან სისულელეა. როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ საქართველოზე იქონიოს ნეგატიური გავლენა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია უნგრეთი. წარმოიდგინეთ, რა არგუმენტს იგონებენ, როგორ არ უნდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნის და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, იქონიოს ნეგატიური გავლენა? მისი და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთადერთით, მოვუწოდებთ უნგრელებს, რომ, კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ ჩვენ ასე გვიჭერთ მხარს და გვლობირებთ ამ საკითხში, მაგრამ მოგიწოდებთ, უკრაინასაც არ შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. ან ჩვენმა, ან უნგრელების საქართველოსთან დამოკიდებულებამ და პოზიციამ როგორ შეიძლება, ხელი შეუშალოს? ხელი შეუწყოს – ეს რეალური არგუმენტი და რეალური მოლოდინია, მაგრამ ხელის შეშლა როგორ უნდა მოხდეს? ანუ ვიღაცებს წარმოდგენა აქვთ ევროპელებზე, რომ რომელიღაც ევროპული პარტიის ლიდერი ან სახელმწიფოს ლიდერი შეიძლება გაბრაზდეს ორბანის პოზიციაზე და საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც ნეგატიური პოზიცია გამოხატოს? ეს წარმოდგენა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე? ანუ, როცა გნებავთ, პაკეტია და ტრიოა და როცა გნებავთ, გამოცალკევებულია? ასე არ არის. ნუ აჰყვებით სულელურ არგუმენტებს. პაკეტს კი არ ბლოკავს, ამბობს ის ქვეყანა ცუდ რაღაცას, ერთი მხრივ, ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ, ერთი მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ იკადრეს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ, ჩვენ მათ ასე არ ვექცევით, პირიქით, იმავეს არ ვაკეთებთ, არასდროს ვიკადრებთ. პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროინტეგრაციის ნებისმიერ ნაბიჯს, რაც უნდა წინ იყოს, უკან იყოს, ჩვენთან ერთად იყოს, ყველაფერს მხარს ვუჭერთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხება არ მოხდეს და უკრაინელებსაც ამას მოვუწოდებთ. ჩვენი დელეგაციაც თავისი ურთიერთობების ფარგლებში ამას აკეთებს. მაგრამ ცალკე აღებული, როგორ შეიძლება, უნგრელების პოზიციამ, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლოა, პირიქით, ლობირებს, საქართველოს პოზიცია დააზიანოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.