აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების შესახებ აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრის ჩავარდნას გამოეხმაურა და მას პოლიტიკური შანტაჟი უწოდა.
„კონგრესში რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად ანგაჟირებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას.
ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, ყველაზე რეალური და მარტივი. ფსონები ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თამაშებისთვის“, - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინის დასახმარებლად კანონპროექტის მიღების მცდელობა დაბლოკეს.
110 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავდა 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, ასევე თანხებს ისრაელისთვის, ღაზის დახმარებას და საზღვრის უსაფრთხოების ზომების პაკეტს.
რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.
კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. თუმცა სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამას ემატება მოახლოებული საშობაო არდადეგებიც.
თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.