ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელებმა უკრაინის დასახმარებლად კანონპროექტის მიღების მცდელობა დაბლოკეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი მიზეზი გახდა დემოკრატებთან უთანხმოება მექსიკასთან საზღვრის გაძლიერებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე.
პროცედურული კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტის შემდგომ განხილვას მხარი დაუჭირა 49 სენატორმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა 51-მა. კანონპროექტის არსებითად განხილვის დასაწყებად 100-დან 60 ხმა მაინც იყო საჭირო.
110 მილიარდი დოლარის პაკეტი მოიცავდა 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, ასევე თანხებს ისრაელისთვის, ღაზის დახმარებას და საზღვრის უსაფრთხოების ზომების პაკეტს.
რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.