საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალზე წლის პოლიტიკოსად დასახელდა.
კვლევა საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობამ წლის პოლიტიკოსად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.
საქართველოს მოსახლებას არჩევანი 5 კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინა. ესენი იყვნენ: "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი და თბილისის მერი გიგი უგულავა.
დაჯილდოების ცერემონიალი ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით დღეს გაიმართა. ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882" მასპინძლობდა.
გარდა წლის პოლიტიკოსისა, დასახელდნენ წლის ბიზნესმენი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, უცხოური კომპანია და წლის ბრენდი.
გამოკითხვაში მონაწილება რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.
ღონისძიების სპონსორები კომპანია WE ARE, "ითი" და "არტ ფლორ დიზაინი" იყვნენ.