„ნაცმოძრაობის“ შიდა პროცესები იმდენად არაბუნებრივად მეჩვენება, რომ მგონია, ამ პროცესებს „ლელო“ აპროვოცირებს და „ნაცმოძრაობასთან“ გამოცხადებული აქვს ასეთი ბრძოლა - მათი წევრების გადმობირების, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„სხვანაირად ბოლომდე ვერ ვხვდები ასეთი ბრძოლის მეთოდებს. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, თუმცა მაინც მგონია, რომ „ლელოს“ ასე ცალკე ბრძოლა „ნაცმოძრაობასთან“ კარგი არ არის. სჯობს, „ლელომ“ „ნაცმოძრაობაში“ ადგილები იყიდოს და თავისი წევრები ასე შეიყვანოს, „ნაცმოძრაობას“ ასეთი ტიპის დაქუცმაცების ბრძოლა არ გამოუცხადოს. თუ ამაში „ლელოს“ ხელი არ ურევია, კიდევ უფრო ბუნდოვანია, რატომ ხდება ეს პროცესები. „ნაცმოძრაობამ“ წევრების გადინებას ახალი წევრების, მათ შორის ძველი წევრების უკან მიღებით, შემოერთებით უნდა უპასუხოს და ღია პარტია უნდა გახდეს იმ ხალხისთვის, ვისაც აქვს ასეთი იდეა – „მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი ქვეყანა გვინდა, მაგრამ მთავარია, ბიძინა წავიდეს და მერე გავიგებთ“. ამ იდეის გარშემო ვინც გაერთიანებულია, ყველა „ნაცმოძრაობამ“ უნდა შეისრუტოს. „ლელოც“, ვინაიდან ამ იდეის ქვეშაა გაერთიანებული, უფრო სწორია, „ნაცმოძრაობაში“ წავიდეს, ვიდრე ასე ებრძოლოს „ნაცმოძრაობას“ და დააფინანსოს „ნაცმოძრაობის“ კრიზისის პროცესები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.