სრული აბსურდი და სიბრმავეა, გეგონოს, რომ უკეთესად შეძლებ ოლიგარქიულ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლას, თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდს დატოვებ და ნიკა მელიას ან სხვას გაჰყვები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
„შესაძლოა, მათ ჰქონდეთ გაბრაზების საფუძველი პოლიტიკური საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გაბრაზებას არ უნდა გადააყოლონ ის ერთობა, რომელი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს გამარჯვებისთვის. მიხეილ სააკაშვილის გუნდის დატოვება ნამდვილად არ არის ის, რაც მოგცემს საშუალებას, უკეთესად ებრძოლო ამ რუსულ რეჟიმს. საერთოდ სიბრმავეა, გეგონოს, რომ უკეთესად შეძლებ ოლიგარქიულ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლას თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდს დატოვებ და ნიკა მელიას ან სხვას გაჰყვები. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა ჩემი კოლეგების მხრიდან. მათ მადლობას ვეტყვი, იმისთვის, რაც უბრძოლიათ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და ვუსურვებ წარმატებას იმ საქმეში, რასაც საქართველოსთვის და რუსეთის ოლიგარქიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლება ჰქვია“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი საერთო გამარჯვებისა.
„მიუხედავად ჩვენ შორის ძალიან სერიოზული განსხვავებისა, ვგულშემატკივრობთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც უნდათ საქართველოს ევროპული მომავალი. სამომავლოდ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება ისტორიაში პირველი, ისეთი კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს იმ უმნიშვნელოვანესი ევროპული პრიორიტეტების რეალიზაციას, რასაც ჰქვია სასამართლოს, პროკურატურის, სუს-ის, შსსა და სხვა ინსტიტუტების ძირეული რეფორმა, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ჭეშმარიტად დემოკრატიული“, – განაცხადა ბარამიძემ.