პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკასა და 2011 წლის ბიუჯეტზე საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებენ.
"ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არკვალიფიციურმა, ფსევდო ლიბერალურმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში შეიყვანა. შედეგად, 2010 წლის განმავლობაში საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, საგარეო და საშინაო ვალი, შემცირდა ინვესტიციები. პირველადი მოხმარების საქონელზე ფასების მუდმივად ზრდამ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა მოსახლეობის ცხოვრება. საარსებო მინიმუმის ზღვარი ერთ ადამიანზე ბოლო რამდენიმე თვეში 128 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც პენსიები კვლავ 70 - 80 ლარის დონეზეა გაიყინული. აღრაფერს ვამბობთ შეპირებულ 100 დოლარიან პენსიაზე. ასეთი მძიმე სურათის ფონზე პრეზიდენტი აცხადებს რომ „ინფლაციური პროცესები გაძლიერდება". ეს არის ცინიზმი საკუთარი ხალხის მიმართ, რადგან საყოველთაოდ ცნობილია რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ინფლაცია უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია ხელისუფლების უუნარობით და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკით. საქართველოში არსებული 11%-იანი ინფლაციის გადაბრალება საერთაშორისო ფასების ზრდაზე ნავთობსა და საკვებ პროდუქტებზე არის პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მცდელობა. მაშინ რატომ არის ინფლაცია მოლდოვასა და თურქეთში 7%, აზერბაიჯანში - 8%, ბულგარეთში 4% და ასე შემდეგ? ამქვეყნებზე საერთაშორისო ფასები არ მოქმედებენ? კატასტროფულად გაიზარდა ფასები სასიცოცხლოდ აუცილებელ სასურსათო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე. პურის ფასი მხოლოდ წელს საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა. შაქარი 70-80 თეთრით, მნიშვნელოვნად გაძვირდა ფასები ხორცზე, წიწიბურაზე, ზეთზე. ასეთ ფონზე, ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებული "ქამრების მოჭერის პოლიტიკის" გატარების ნაცვლად იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები, ასევე ე.წ. „სხვა ხარჯები". საკუთარი ხალხის წინაშე უპასუხისმგებლობის კიდევ ერთ ნათელი მაგალითია 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიხედვით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა. 2011 წლის ბიუჯეტი ისევე არ ითვალისწინებს დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას. სახელმწიფო უარს ამბობს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებაზე. ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ "ჯანდაცვაში ყველაფერი კარგად იქნება", დამტკიცებულ ბიუჯეტში 9.6 მლნ. ლარით შემცირებულია რეფერალური დახმარების პროგრამა. მთლიანად ჯანდაცვის პროგრამები შემცირებულია 32 მლნ. ლარით, ხოლო სოციალური დახმარებები 12 მლნ. ლარით, მათ შორის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 8 მლნ. ლარით.
პრაქტიკულად არ გაზრდილა განათლების ბიუჯეტი, პირიქით შემცირდა განათლების ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა „ქართული ენის პროგრამა" და „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის" პროგრამა. გაუქმდა „საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების", ასევე „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში" პროგრამა. საქართველოს ხელისუფლებისათვის ბოლო წლებია სოფლის მეურნეობა აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს, რის შედეგადაც საქართველომ სასურსათო დამოუკიდებულება პრაქტიკულად დაკარგა. სოფლის მეურნეობის პროდუქციის 80%-ზე მეტი დღეს იმპორტირებული პროდუქციაა. 2011 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სააკაშვილის მთავრობამ და ნაციონალურმა მოძრაობამ პრატქიკულად მოიხსნეს პასუხიმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე. ხელისუფლებას არ ძალულძს არსებული ეკონომიკური ვითარების გამოსწორება ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტების საშულებით, რის გამოც ზრდის სხვადასხვა სახის გადასახადებს და გაუსაძლის ხდის ზეწოლას ბიზნესზე მათ შორის არადეკვატური ჯარიმა-საურავების დაწესებით. ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას სოციალური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს პოლიტიკური პროცესების შემდგომ მარგინალიზაციას,"-ნათქვამია განცხადებაში.