გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიo გუტერეშმა განაცხადა, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების განახლების გამო როგორც ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებით, ასევე ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებით.
სპიკერის მიერ გუტერეშის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება გამოცხადდეს მუდმივი ზავი და დაუყოვნებლივ და წინაპირობის გარეშე გათავისუფლდეს ყველა მძევალი.
გუტერეში მოუწოდებს ისრაელის არმიას, ზავის განახლებამდე, მოერიდოს ქმედებებს, რომლებიც „გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში“ და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი და შეუფერხებელი მიწოდება სექტორში.
გუტერეშის თქმით, ის „სერიოზულად შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციის გამო“ დასავლეთ სანაპიროზე, ასევე „ისრაელის უსაფრთხოების ოპერაციების გაძლიერებითა“ და „პალესტინელების მიერ ისრაელელებზე თავდასხმებით“.