უკრაინისთვის აშშ-ის დაფინანსება წლის ბოლოსთვის ამოიწურება. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის დირექტორის, შალანდა იანგის წერილში, რომელიც მან კონგრესის ლიდერებს გაუგზავნა. იუწყება Financial Times
„კონგრესის ქმედებების გარეშე წლის ბოლომდე, ჩვენ ამოგვეწურება რესურსები უკრაინისთვის მეტი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად“, - აცხადებს იანგი.
მისი თქმით, კონგრესის უარი ახალი მხარდაჭერის დამტკიცებაზე "დააჩოქებს კიევს ბრძოლის ველზე" და ასევე "გაზრდის რუსეთის სამხედრო გამარჯვების ალბათობას".
"არ არსებობს დაფინანსების სხვა ჯადოსნური საშუალება, რომელიც დაგვეხმარებოდა ამ პრობლემის გადაჭრაში. ჩვენ ამოგვეწურა თანხა და თითქმის აღარ დაგვრჩა დრო", - ამბობს შალანდა იანგი.
შალანდა იანგი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებიდან უკრაინაში სამხედრო დახმარების პაკეტები დღეს უკვე შემცირებულია.
მანვე დასძინა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ის ვერაფრით ჩანაცვლდება.
„თუ უკრაინის ეკონომიკა დაინგრევა, უკრაინელები ვერ გააგრძელებენ ბრძოლას, პუტინს ეს კარგად ესმის, ამიტომაც რუსეთმა უკრაინის ეკონომიკის ნგრევა თავისი სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად აქცია, რაც ჩანს მის თავდასხმებში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტსა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე“, - განაცხადა იანგმა.