ამ საკითხში ჩართული არ ვარ, ეს მთავრობის კომპეტენციაა და მათ უნდა მიმართოთ ამ კითხვით. ზოგადად, კარგია, თუკი ეს ნიშნავს იმის გააზრებას, რომ მშვიდობა, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, თუკი ეს იქნება გზა იმის გააზრების, რომ მშვიდობიან, ერთიან საქართველოში თანაცხოვრება წინსვლის და წარმატების საწინდარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ გალის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით წინადადება უკვე მომზადებულია და ჟენევის ფორმატში შეთავაზებული იქნება ეს წინადადება. ოფიციალურ თბილისთან ამ მიმართულებით რაიმე მოლაპარაკება დაწყებულია? ან რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე?“
შალვა პაპუაშვილის თქმით, ზოგადად, ყოველთვის მიესალმებიან, თუ იქნება დეესკალაციისა და დიალოგის შესაძლებლობები.
„ყველასთვის ცნობილია ჩვენი პირობები, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას, არამედ საერთაშორისო სამართალს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც უკვე აღიარებულია, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ეს ორი ტერიტორია. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და სამართლებრივ ენაზე ეს ნიშნავს ოკუპაციას. უნდა დასრულდეს ოკუპაცია და ყველამ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.