უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება.
როგორც „უკრაინსკა პრავდას“ წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის ზალუჟნის, მთელი არმია მართოს. ამავე წყაროს ცნობით, ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამუშაოებს, რადგან ზალუჟნი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს.
„ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელენსკის ორი ტიპის შეიარაღებული ძალები ჰყავს: „კარგები“, რომლებსაც ოლექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები მეთაურობენ და „ცუდები“, რომლებიც ზალუჟნის ექვემდებარებიან. ეს მოტივაციას ართმევს მთავარსარდალი და რაც მთავარია, ხელს უშლის მას მთელი არმია მართოს“, - განაცხადა წყარომ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დაძაბულობა პრეზიდენტსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შორის ყველაზე მეტად სამხრეთში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ გაიზარდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან კონფლიქტს უარყოფენ.