ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმდენად ღრმა კრიზისია, რომ გარდაუვალია პარტიის გაყოფა და, როგორც ჩანს, ეს პროცესი დაიწყო.
„იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დატოვებენ პარტიას და პარტია გაიყოფა, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს. სამწუხაროა ეს, მაგრამ მე ვუსურვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დასრულდეს ეს კრიზისი და ამ კრიზისის დასრულების ერთ-ერთი გამოსავალი არის პარტიის გაყოფა. ბათუმის ორგანიზაციიდან კონკრეტული პარტიის პირების გასვლის დაწყება ნიშნავს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩემი აზრით, ნიკა მელიაც უკვე თავისი განცხადებითაც იტყვის, რომ გაემიჯნა პარტიას და ქმნის ახალ პარტიას“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.