ზუსტად ორ კვირაში, 14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, 27 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი ბრიუსელში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, საუბარია 10 ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ეს პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს და იმუშაოს ერთად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.