ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ მითითებას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.
ქადაგიძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ გვაქვს არცერთი მტკიცებულება და ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ვერავისგან მივიღებთ მითითებას იმის თაობაზე, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არის კორუფცია. ქართული მართლმსაჯულება სრულად დაცლილია კორუფციისგან, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნის და მართლმსაჯულების სისტემის. სასამართლოში ძირითადი გამოწვევაა საქმეთა რაოდენობა, მზარდი ნაკადი და მოსამართლეთა სიმცირე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს ერთ წელიწადში ეს პრობლემა დაძლეული იქნება. ძალიან რთულია სასამართლოში შემოსვლა, არ არის მარტივი, რადგან მკაცრად ხდება იმ კვალიფიკაციის შემოწმება, რომელსაც თითოეული მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს. ბოლო პერიოდში ყველა გასაუბრება ჩატარდა ღიად, საჯაროდ და თუ დამისახელებთ რომელიმე პირს, რომელიც მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სისტემაში არ იქნა დაშვებული, თქვენი, ასევე საზოგადოების წინაშე მოვიხდი ბოდიშს. ყველა კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება ჩატარდა და ამ სტანდარტს აკმაყოფილებდა, დაშვებული, მიღებული იქნა“, – განაცხადა ნინო ქარდავამ.