ყველა ჩემი საჯარო გამოსვლა უკავშირდებოდა ერთობას, არ არსებობს ეთერი, სადაც მე არ ვსაუბრობდი, რომ ღია კარის მტვრევაა ის, რასაც სამწუხაროდ კონკრეტული ადამიანი, ადამიანები აკეთებდნენ, მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ვთქვით, რომ ყველა ადამიანი, ვინც შეუერთდება მანიფესტს და გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ღია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოს მომდევნო სხდომაზე კიდევ დაემატებიან ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ.
„23 ნოემბერს ჩატარდა ძალიან კარგი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს, ამის შემდეგ კიდევ კონკრეტულ ადამიანებს შეეძლოთ, საჯაროდ ესაუბრათ ამაზე, მაგრამ ზოგი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი დაიმალა ამ დროის განმავლობაში. ყველა მიხვდება, რასაც ვსაუბრობ. ამის შემდეგ, დღეების განმავლობაში, ამ კონკრეტულ ადამიანებთან ვმუშაობდით, ვინც დღეს თქვენს წინაშე იყო, მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველა ერთად ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში, შემდეგ პოლიტსაბჭოზე კონკრეტული ადამიანები კიდევ შემოუერთდებიან ამ მანიფესტს. ღია კარის მტვრევას ყველა უნდა შეეშვას, შანტაჟს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ექვემდებარება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.