გუშინ „ნაციონალური მოძრაობის" ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 20%-ს ქვემოთ არიან, აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო. ეს აღიარებაა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„დიდი ხნის წინ რაც დათესეს, ჯერ კიდევ 2 000-იანებში, ის მოიმკეს 2023 წელს. სწორედ ასე აღვიქვამ ამ პროცესებს. უზარმაზარი ღვარძლი ერთმანეთის მიმართ, რომელიც ამ ადამიანებში ბუდობს და კონცენტრირდება ამ ეგრეთ წოდებულ პარტიაში, არსად დაიკარგებოდა. არ შეიძლება, ბოროტად ჩაფიქრებული საქმე ბოლოში კეთილად დასრულდეს. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას რაც ახლა სჭირს, ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ დაუნდობელი, ბოროტი ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც თავისი თავის გარდა, არაფერზე ფიქრობენ, მათ შორის არც საკუთარ ამომრჩეველზე. პირველ რიგში, ეს ხომ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. პარტია არის იდენტური მოსაზრებების მქონე ადამიანების ერთობა. საკუთარ ამომრჩეველსაც არიან მოწყვეტილი, ამიტომ არის კასტური დაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს რამდენიმე მანდატზე, ვინ რა ადგილს დაიკავებს მომავალ პარტიულ სიაში. გუშინ როგორც მათმა ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, თურმე 20%-ს ქვემოთ არიან უკვე და აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად, არ ვიცი, რა ჰქვია პარტიას, 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო. ეს აღიარებაა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგას. ვფიქრობ, დაპირისპირება უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილი.