„ვიდრე უაზრო პოლიტიკური კინკლაობით ართობს ჩვენი ოპონენტი საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო პრეზიდენტი ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს, საქართველო იმყარებს პოზიციებს სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მთლიანად აზია - ევროპის გეოპოლიტიკურ ველზე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გასულ კვირას, საპატიო სტუმრის რანგში აზერბაიჯანი - ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების გაეროს სპეციალური პროგრამის ფარგლებში გამართულ სამიტში მონაწილეობდა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობდა და ემსახურება სუბრეგიონალური თანამშრომლობის გამყარებას. წლევანდელი სამიტის მიზანი იყო აზია-ევროპის დამაკავშირებელ ჰაბად ამ სუბრეგიონის გარდაქმნა. ამ პროცესში კი საქართველოს მონაწილეობა და მისი როლის აღიარება, მის მნიშვნელობაზე საუბარი ძალიან პოზიტიურია“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციონირება, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე, დიდ სურათში - აზია-ევროპის დამაკავშირებელ ჯაჭვში, როგორც ძლიერი წარმომადგენელი ქვეყანა.
„ამისთვის დაწყებულია გლობალური მნიშვნელობის ისეთი პროექტები, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობა. პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთს და რუმინეთს აერთიანებს, თუმცა თავისი დატვირთვით იგი მსოფლიო სტრატეგიული მნიშვნელობისაა, როგორც ევროპის ასევე, აზიის ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელების გარკვეული წინაპირობა იყო ის ფაქტი, რომ საქართველო საიმედო პარტნიორია ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხით და საქართველოში სტაბილურად ვითარდება და მიმზიდველი ხდება ბიზნეს გარემო, იზრდება რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური როლი ისეთი პროექტებით როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ხდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
ნინო წილოსანის თქმით, სამიტზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ხაზი გაესვა მთელი ამ სისტემის ფუნქციონირებაში ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავების და ამ სისტემის უსაფრთხოებისა და მოქნილობის მნიშვნელობას. კონფერენცია, რომელზეც პრემიერი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გზავნილებით გამოვიდა, აერთიანებს აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის 6 ქვეყანას, საიდანაც გამორჩეულად გამოვყოფდი აზერბაიჯანთან ჩვენს თანამშრომლობას. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული და მდგრადი პარტნიორია. ამას ადასტურებს მოლაპარაკებების თუ სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტებში საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული ურთიერთობა და ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდა. ამასთანავე, ცენტრალური აზიის ამ 5 ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდამ შარშან 50 %-ით იმატა, ხოლო წელს 10 თვის მონაცემებით, ის 150 %-ით იზრდება ეს კი 1, 4 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, როცა განვითარების, ეკონომიკური ზრდის, სქართველოს სატრანზიტო ფუნქციის და მისი ჰაბად გადაქცევის პოლიტიკაზეა საუბარი, ამის წინაპირობა ხელისუფლების მშვიდობის უზრუნველმყოფი პოლიტიკა და შიდა და გარე გამოწვევებზე ხელისუფლების სწორი პასუხებია.