„ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია დაშლის ბოლო ეტაპზე და ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა, უკვე სააშკარაოზე გამოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ამდენი თვის მუშაობის, კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება, თუ პარტიიდან ირიცხება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ბოლო ფაზის მთავარი საკითხი. ამაზე მიდის მთავარი მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ელოდება საქმეს, რეაგირებას იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დღეს საქართველოს ინტერესებშია. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ აბსაიდში და დაშლის საბოლოო ფაზაშია. რაც დათესეს, იმას იმკიან. რეალურად, არ ჰყავთ მომავლის ლიდერი და არ აქვთ სამომავლო გეგმა. პარტიის შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილიც ყველანაირად ცდილობს, რომ პარტიაში იყოს დაპირისპირება და კინკლაობა, რათა ამით პატიმრობიდან დაამტკიცოს, თითქოს მის გარდა, მხსნელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თუ შემაკავშირებელი ადამიანი სხვა არავინაა. ეს არის ერთი კაცის პარტია და იმართება არადემოკრატიულად. ყოველთვის ვამბობთ, რომ მან მიიღო ანტიევროპული, ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი. პარტია გადასულია დაშლის ბოლო ეტაპზე და ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა, უკვე სააშკარაოზე გამოვიდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.