„ნაცმოძრაობაში“ ფოკუსს თუ არ გაასწორებენ, უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან. მათ ნუ ეხმარებიან, თორემ ერთმანეთს გარიცხავენ თუ თანაშემწეებად დანიშნავენ, არ მაინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დაუშვილმა კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ ქმედებაზე, როდესაც მან ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
„ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია გარიცხა? გადაცემისთვის არ მიყურებია, საინტერესო არ იყო. გარიცხა თუ რა გააკეთა? მათ რას გაუგებ, ესენი სხვანაირი ხალხია. საქმე არ აინტერესებთ, მათი მიზანია, ხალხი დააშინონ, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარონ. მხოლოდ ამ საქმით არიან დაკავებული. არ მაინტერესებს, ვინ ვინ გარიცხა, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ ნუ ეხმარებიან, თორემ ერთმანეთს გარიცხავენ თუ თანაშემწეებად დანიშნავენ, არ მაინტერესებს. „ნაცმოძრაობაში“ ფოკუსს თუ არ გაასწორებენ, უნდა იცოდნენ, რომ დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან, რომ 2024 წლისთვის გაძლიერდეს. მათი პრობლემა არ მაინტერესებს, თავში ქვა უხლიათ. უბრალოდ, ფაქტია, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ საუკეთესო ბიზნესპარტნიორი, პოლიტიკური პარტნიორი და ამას დაანებონ თავი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.