უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე მასირებულ შეტევას გამოეხმაურა, რომელიც ოკუპანტებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს განახორციელეს და მას მიზანმიმართული ტერორიზმი უწოდა.
„70-ზე მეტი "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები დახოცოს..
ჩვენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს დრონების უმეტესობა, მაგრამ არა ყველა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს თავის ქმედებებზე," - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ ასევე გაავრცელა ვიდეომიმართვა უკრაინელებისადმი ჰოლდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით.
„ცდილობდნენ ჩვენს დამცირებას, წამებას, განადგურებას. ვერ შეძლეს. უნდოდათ ჩვენთვის დაემალათ სიმართლე და საშინელი დანაშაულები. ვერ შეძლეს. უნდოდათ ჩვენი შეცდომაში შეყვანა, თითქოს ჩვენ არ გვჯეროდა, არ გვახსოვდა და ვაპატიეთ. ვერ შეძლეს. დღეს კი, ღრმა მწუხარებითა და პატივისცემით, ჩვენ პატივს მივაგებთ მილიონობით ადამიანს - ჰოლოდომორის მილიონობით მსხვერპლს.
ტრაგედია, რომლის გამოც დღეს ჩვენ ვტირით და ვდუმვართ, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს ჩვენი დუმილი. ასე ჟღერს უკრაინული ტკივილი.
ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელმაც აირჩია სამართლიანობა, აღიარა ოფიციალურად - აღიარა ჰოლოდომორი, როგორც დანაშაული ხალხის, უკრაინის წინააღმდეგ, მადლობა ყველას, ვინც ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაგმოს წარსულის დანაშაულები. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და შეაჩეროს დღევანდელი დანაშაული.
ბოროტება არ შეჩერებულა, არ გამოსყიდულა. ჩვენ ახლა მას ვაჩერებთ. უკრაინა გადარჩება. უკრაინა გაუძლებს. უკრაინა დაიცავს თავს და სიმართლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.