თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურად უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების დიდი ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც ქართულ ოცნებას უნდა გაეკეთებინა!
ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას! ასევე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას.
თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა როგორც კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.
ასევე საუბარია იმაზე რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიყვანოს თავისი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთხელ თამაზ გინტურის გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება და ნათელია, რომ იმას რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად .
მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია, ასევე გპირდებით რომ ადრე თუ გვიან დაისჯებიან დამნაშავეები და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს!“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა.
„მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოაგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა, ბატონო მიშა, დღევანდელ დღეს გილოცავთ. გიორგობის დღე ყოფილიყოს გამოშვებისა და გამოჯანმრთელების. ასევე, მინდა, გამოვხატო მადლობა ანა ფოტიგას მიმართ, მთელი ევროპისა და ევროპარლამენტის შეწუხებისთვის“, – აღნიშნა გივი გინტურმა.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.