აქ არ არის ლაპარაკი თემურ ალასანიაზე. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიცია, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ თემურ ალასანიას განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„უკრაინის მხარდაჭერა ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოიხატება იმაშიც, რომ შეაშველონ მას კიდევ ერთი, დამატებითი ფრონტი. ამაზე უკვე ღიად დაიწყო ლაპარაკი. კი, [ალასანია] ჭკუის დამრიგებელიც არის, შეიძლება ტონის მიმცემიც არის, მაგრამ ეს არ არის ტონის მიცემისთვის გაკეთებული განცხადება. ეს არის წინასწარ მოლაპარაკებული პოზიცია, რომ „ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა გულისხმობს იმას, რომ მეორე ფრონტი გაიხსნება“. იმაზე ხომ არ არის მართლა ლაპარაკი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და აფხაზებს, რომლებიც ცოტანი არიან დარჩენილი ტერიტორიაზე, შიშის ზარი დასცეს? საუბარია იმაზე, რომ გალაშქრება გამოიწვევს რუსეთისთვის დამატებითი პრობლემის შექმნას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ განაცხადა: „სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება“.