ფინეთის მთავრობამ გადაწყვიტა დახუროს რუსეთის საზღვარზე შვიდი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მიგრაციის მზარდი ზეწოლისა და მასთან რუსი მესაზღვრეების კავშირის საპასუხოდ. ფინეთმა ღია დატოვა მხოლოდ ერთი სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ყველაზე რთულად მისაწვდომია. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა. იუწყება Yle
ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთისა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე კიდევ სამი - კუუსამოს, სალასა და ვარტიუსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 25 ნოემბრის ღამეს დაიკეტება.
ღია დარჩება მხოლოდ ერთი ფინეთ-რუსეთის სასაზღვრო პუნქტი, რაია-იოოსეპი, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყველაზე რთულად მისაწვდომია რუსეთის მოქალაქეებისათვის და ღიაა დღეში მხოლოდ ოთხი საათის განმავლობაში.
გასულ კვირას, ფინეთმა გადაწყვიტა დაეკეტა ვაალიმაას, ნუიამაას, იმატრასა და ნიირალას სასაზღვრო პუნქტები არალეგალური მიგრაციის ზრდის გამო. 18 ნოემბრიდან ისინი ტრანსპორტისთვის დაკეტილია.
ფინეთ-რუსეთის საზღვარზე შვიდი გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება ძალაში 25 თებერვლამდე იქნება.