ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი კანდიდატის სტატუსის 9 რეკომენდაციის შესრულებაზე არსებულ დისკუსიას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველო სტატუსთან ერთად იღებს 9 რეკომენდაციას და ჩვენს პარტნიორებსაც აქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად.
„თითქოს მმართველი ძალის წარმომადგენლები საუბრობენ
და ქმნიან სურათს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებს აპირებენ, თუმცა დღემდე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება, ეს იქნება სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა თუ სხვა, ეწინააღმდეგება მმართველი რეჟიმის დღის წესრიგს.
მათი მთავარი ამოცანაა, დარჩნენ ხელისუფლებაში და დღევანდელი მოდელით მართონ ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმგვარი ხელისუფლების შექმნა მომავალი არჩევნების შედეგად, რომელიც გარანტირებულად გაყვება ევროკავშირის დღის წესრიგს, მიღებულ რეკომენდაციებსა და გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.“ - თქვა გიგი წერეთელმა.