პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილისგან, მამუკა ხაზარაძისგან და კიდევ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.
„ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით იგივე კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, კობახიძის განმარტებით, დავით კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ შავ ფულს ატრიალებს ქართულ პოლიტიკაში.
„ყველაზე თანაბრად გავრცელდება კანონმდებლობა, როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე ოპოზიციაზე. ახლა ოპოზიცია ამაზე რომ საუბრობს, უბრალოდ გაუგებარია. კეზერაშვილს აქვს პირადად ნათქვამი, რომ ის აფინანსებს არა მარტო პარტიებს, არამედ მედიასაშუალებებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს და არავინ იცის, რამდენია ეს ფული, ვისზე მიდის ეს ფული და ა.შ. აღიარებული აქვს ამ კაცს, შავ ფულს ატრიალებს ქართულ პოლიტიკაში. ასეთ დროს, ოპოზიციის მხრიდან საუბარი, რომ მმართველი პარტიის ფული ვერ გაკონტროლდება, რა თქმა უნდა, ცარიელი სპეკულაციაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.