"ლელოს" ზედმეტი, მოჩვენებითი პატრიოტიზმი არასერიოზულია. ყოფილო საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს აბსოლუტური ფარისევლობაა და მათ არავინ დაუჯერებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ლელო“ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
„საერთო ჯამში, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სერიოზული განცხადებების გაკეთება რთულია. მათ რუსი, რუსეთი აკერიათ პირზე, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა, ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუ ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსები საქართველოს პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან „ლელოს“ ხელმძღვანელები, რომლებიც თავის დროზე პარტიული საბჭოთა ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ჰგონიათ, რომ ვაშინგტონი არის ცენტრი, ან ერთმანეთში ერევათ საბჭოთა რეჟიმი და აშშ-ის დემოკრატია. სხვა დედაქალაქებს უყურებენ ისე, როგორც ადრე, საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. ამიტომ, საერთო ჯამში, ეს არის კომპლექსები, რომლებიც აქვთ შიგნით რუსეთთან, მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ, ზედმეტი, მოჩვენებითი პატრიოტიზმი არასერიოზულია. ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს აბსოლუტური ფარისევლობაა და მათ არავინ დაუჯერებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.