საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა, არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, თუ ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, წარდგენილი იქნება რაც შეიძლება მალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის თანაბარი პირობები.
„ევროკომისიის მიერ ახლად განსაზღვრული მეოთხე ნაბიჯი ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს უნდა გადაწყვიტონ ქართველებმა ერთობლივად, როგორ განახორციელონ საარჩევნო კამპანიის ორგანიზება. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში, რომ რაც უმთავრესია, არ იქნება ძალადობა. საარჩევნო პერიოდში ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა წესებში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ასე რომ, რაც უფრო მალე მოხდება შეთანხმება ყველა ტექნიკურ საკითხზე, მით უკეთესი იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა იყოს კარგად მომზადებული და მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. თქვენ ბაიერის შესახებ მკითხეთ, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. ასე რომ საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა მეორე მხრივ სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ეს დისკუსია გაგრძელდება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავად შეთანხმდებიან ერთმანეთში ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც სათანადო ბალანსი იქნება უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება თავად ევროკავშირს, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ჩვენს წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული წესები. არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5 პროცენტი, არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი არ არის საერთოდ. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს იქნება პირველი სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რა წესებიც არ უნდა იყოს, ეს წესები წარდგენილი იყოს რაც შეიძლება მალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის თანაბარი პირობები“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.