აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის. მან ხაზი გაუსვა როგორც უკრაინის, ასევე ისრაელის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ამის შესახებ მან CNBC-ის ეთერში ისაუბრა. აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის 106 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოთხოვნის პერსპექტივაზე საუბრისას, ჯანეტ იელენმა აღნიშნა, რომ ვერ გააკეთებს პროგნოზს თუ როდის დამტკიცდება კონგრესში დახმარების კანონპროექტი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მოხდება.
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება მიეწოდოს უკრაინას და ისრაელს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინამ წააგოს ბრძოლა საშინაო ფრონტზე, იმის გამო, რომ მას არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა პირველი რეაგირების მხარდასაჭერად, მაშინ როდესაც მამაცურად იბრძვის ბრძოლის ველზე", - თქვა ილენმა.
იელენმა აღნიშნა, რომ უკრაინა „სრულიად არის დამოკიდებული ამ დახმარებაზე“. მან ასევე გაიხსენა, რომ ევროპელი პარტნიორები უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 15 მილიარდი დოლარით უზრუნველყოფს. „მათ სჭირდებათ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში“, - თქვა იელენმა.
ამასთან, იელენმა აღნიშნა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მისი შემდეგი სამიზნე შესაძლოა გახდეს ამერიკიას ერთ-ერთი ნატო-ელი მოკავშირე.
„ეს არის კრიტიკული პრიორიტეტი პრეზიდენტისთვის, კრიტიკული პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მდივანმა.