უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მისცეს რუსეთს სიგნალი, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის დახმარებით. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა - ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.
ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც საკმარისი იქნება. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც ამას ისევე უყურებს, როგორც ჩვენ.
გვჭირდება სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ რაც არ უნდა გააკეთონ მათ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელმაც 2 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას მომავალი წლისთვის, ძირითადად უსაფრთხოების სექტორში.
„გმადლობ, მარკ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, და მადლობა მთელ ნიდერლანდების საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.