"ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ნინო ბურჯანაძესთან ტელედებატებისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ აცხადებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის განცხადებაზე კომენტირებისას "ქართულ პარტიაში" განუცხადეს, გაჩეჩილაძე მზადაა ბურჯანაძესთან დებატები გამართოს, ოღონდ იქამდე ის "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისა და მისი მეუღლის ბადრი ბიწაძისგან "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას მოითხოვს.
"ქართული პარტია" და მისი თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე მოითხოვს, რომ ნინო ბურჯანაძემ გარკვევით დაადასტუროს ან უარყოს, მოდის თუ არა ბადრი ბიწაძისგან გაზეთ "ასავალ-დასავალის" 20 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ("ინფორმატორი კულისებიდან გამოდის!") მოყვანილი "ფაქტები". ნინო ბურჯანაძის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მან ან მისმა მიუღელემ უნდა წარმოადგინონ ბრალდებების შესაბამისი მტკიცებულებითი მასალა, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე მზად იქნება პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობისთვის", - აცხადებენ "ქართულ პარტიაში".
შეგახსენებთ, რომ დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება იმის შესახებ, თითქოს, მას შემდეგ, რაც ის გაჩეჩილაძესთან ტელედებატებში მონაწილეობაზე დათანხმდა, ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში დებატებზე უარი თქვა.