მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს თანაპარტიელებმა თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოძრაობის წევრებმა ჭადრაკის სასახლეში დღეს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე მიიღეს.
ყრილობას 365 დელეგატი ესწრებოდა. როგორც "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, ნოღაიდელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ნოტარიულად დამტკიცდება და იუსტიციის სამინისტროს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
მათივე განმარტებით, პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას მხარი მოძრაობის წევრთა 1/3-მა დაუჭირა, რაც წესდების მიხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისია.
აღსანიშნავია, რომ ყრილობაზე ასევე პარტიის ცენტრალური გამგეობის შემადგენლობაც შეცვალეს, რომელიც 15 წევრისგან იყო წარმოდგენილი და წევრთა ახალი ჯგუფი დაამტკიცეს, რომელიც 11 ადამიანით განისაზღვრა. გამგეობის წევრები ყრილობის ხელმძღვანელი სერგო ჯავახიძე და ნოღაიდელის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ნატო ხოხიაშვილიც იქნებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრები ზურაბ ნოღაიდელს მოძრაობიდან მთლიანად არ "უშვებენ" და მას რიგითი წევრის სტატუსს უნარჩუნებენ, რათა "მან მასზე დაკისრებული ვალდებულება მთლიანად არ მოიხსნას და პარტიის წევრთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება დაფაროს".