ჩვენს ოპონენტებს პრიმიტიული ლოგიკა აქვთ, პრიმიტიული ლოგიკაა, როდესაც ჩინეთი რუსეთის მეგობარია და ვინც მასთან მეგობრობს, რუსია, შეიძლება, ბაიდენსაც რუსი უწოდონ, რაც არასწორი და დამაზიანებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, იმდენად დამაზიანებელია, რომ ზურაბიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტზე ნათქვამი თავისი სიტყვები უკან წაიღო.
„მარტივი და პრიმიტიული ლოგიკები არსებობს. ჩვენს ოპონენტებს პრიმიტიული ლოგიკა აქვთ, რომელსაც მოსახლეობას თავს ახვევენ ხოლმე, თუმცა ჩვენი საზოგადოება ის არ არის, რომელიც პრიმიტიულ ლოგიკას მიიღებს. პრიმიტიული ლოგიკაა, რომ ჩინეთი რუსეთის მეგობარია და ვინც მასთან მეგობრობს, არის რუსი. სწორედ ასეთ პრიმიტიულ და მდაბიო ლოგიკას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები. ამ პრიმიტიული ლოგიკიდან გამომდინარე, შეიძლება, დღეს, მათ ბაიდენსაც რუსი უწოდონ, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის და დამაზიანებელია. იმდენად დამაზიანებელი, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტზე ნათქვამი თავისი სიტყვები უკან წაიღო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.