ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება, პრინციპულ პოზიციას ვაფიქსირებთ. გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.
„ძალიან მკაცრად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, პროვოკაციისგან თავი შეიკავონ. გახსოვთ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალის, მერეთის თემას და ასე შემდეგ. პროვოკაციების საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ეს არის მინი მოდელი იმისა, რაც მათ დიდ მასშტაბში სურთ. მათ სურთ უფრო მსხვილი პროვოკაციებით მივიდეთ მეორე ფრონტამდე და რაც მოხდა კირბალში, საბოლოო ჯამში, ეს არის მინიმოდელი. ერთი პროვოკაცია, მეორე, მესამე – კაცი დაიღუპა, აგრესორებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
„ჩვენს პოზიციას რაც შეეხება ოკუპაციასთან, აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ასე შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.