ძმებ გაჩეჩილაძეებს უძრავ ქონებას ჩამოართმევენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახა კუკავამ განუცხადა, რომელიც ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეების ინტერესებს იცავს, საუბარია ოჯახის საკუთრებაში არსებულ 4 საცხოვრებელ სახლზე, მათ შორის საგურამოში მდებარე აგარაკზე.
"ოჯახს - როგორც ლევანს, ისე მის ძმას კუთვნილებაში არსებული 4 ობიექტი ბანკში აქვს ჩადებული. მათ კრედიტის ყოველთვიურად გადახდა ვერ შეძლეს, რის გამოც ბანკმა სასამართლოში იჩივლა. დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა "ტაო-პრივატ ბანკის" სასარგებლოდ გადაწყვიტა", - განმარტავს კახა კუკავა.
ამასთან, მისივე თქმით, გაჩეჩილაძეებისთვის კუთვნილი ქონების ჩამორთმევა აქამდე იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
"სანამ სასამართლო განხილვები არ დასრულდება, იქამდე გაჩეჩილაძეების ოჯახს სახლებიდან გამოსახლება არ ემუქრებათ", - დასძინა მან.
კონკრეტულად რა თანხა აქვთ გაჩეჩილაძეებს ბანკიდან გამოტანილი და რამდენადაა შეფასებული მათი კუთვნილი ქონება, კუკავას "არ ახსოვს".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თავად "ქართული პარტიის" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ "მთელი ქონება ბანკში სააკაშვილის მოშორების საქმისთვის დააგირავა".