„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო სამარცხვინო, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და საზოგადოებას შეახსენებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 2019 წელს, გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაშინ მთავრობას დასჭირდა თვეები იმისათვის, რომ დიპლომატიური პრობლემები თავიდან აერიდებინა.
„ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.