საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საპარლამენტო სახელმწიფოში, მოქალაქეები და არჩევნები წყვეტს, ვინ არის ხელისუფლებაში. სწორედ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ვინ გააგრძელებს ქვეყნის მართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელშიც პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე საუბრობს.
„ჩვენ გვაქვს ღრმა რწმენა, რომ იმ შედეგებითა და წარმატებებით, რომლებიც აქამდე გვიჩვენებია და მიგვიღწევია, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც გვანდობს ჩვენი ქვეყნის მმართველობას. რა პროპორციით და როგორ, ამას სალომე ზურაბიშვილს, არც მე და არც სხვა ინდივიდუალურ ადამიანს არავინ ეკითხება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება. ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი და არაერთი უდიდესი გამოწვევის დროს უმოქმედია დიდი სიფრთხილით, დიდი გამოცდილებით და მიუღია სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.