როდესაც ადამიანი წავა საკუთარი ერის ინტერესების წინააღმდეგ, ქალბატონმა სალომე როდესაც იქნა მხილებული კონსტიტუციის დარღვევაში, თქვა, რომ მას ეს არაფრად მიაჩნია, მისთვის ქართული კონსტიტუცია მაკულატურაა, გათელა ფეხით, გასაკვირი არ არის, რომ მისი საქციელი და ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გვახსოვს, როცა ის იმყოფებოდა ლატვიაში, მთავარი შედეგი, რაც მან გამოიტანა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იყო მოწოდება, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ჩაგვეგდო ჩვენი ხალხი პრობლემებში. ახლა ვნახეთ, რომ მთავარი შედეგი რაც გამოიტანა ინტერვიუთი, შეშფოთებულია ჩინეთის ელჩი, რადგან ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას და აცდენილია ქართველი ხალხის ინტერესებს. ქალბატონი სალომე პირდაპირ მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ეს გასაკვირი არ არის, მან უღალატა საკუთარ ამომრჩევლებს, მან გათელა ფეხქვეშ ქართული კონსტიტუცია და კარგს არაფერს უნდა ველოდოთ მისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.